თეგი: ევროპული სასამართლო

საია: ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. საიას ცნობით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს კი ევროპული სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს. რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და მათთან დაკავშირებული მე-13 სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები. „2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” - წერია საიას განცხადებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. ორგანიზაციას სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა შორის 12-ზეც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა 7 თებერვლიდან დაიწყო. 2021 წლის იანვარში ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.

დიმიტრი გვრიტიშვილი: კანონში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება სავალდებულოა, დაუშვებელია

კანონმდებლობაში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კანონმდებლობაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, ასე ხისტად არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პრეცედენტულ სამართალს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი ვალდებულების დაკისრება მიზანშეუწონელია,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. ცნობისათვის, დიმიტრი გვრიტიშვილი პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.  

უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა

უკრაინამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა აიძულოს რუსეთი, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების დაკავებისა და სამედიცინო დახმარების შესახებ. იუსტიციის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივ განცხადებაში ასევე მოითხოვეს გადაუდებელი ზომები, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ყალბი სასამართლო პროცესების გამართვა. უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლში აზოვსტალის დამცველების „სასამართლო პროცესის" ჩატარებას გეგმავნენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება.   

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19). ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს. ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა. გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა - საია

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. „2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება. საიას ცნობით, საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების მართვის და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სასამართლომ დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და მესამე მომჩივანს 9,812.86 ევრო სხვა დანახარჯებისთვის. „სასამართლოს განმარტებით, „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“. იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის", - განმარტეს საიაში. განმცხადებლების თქმით, ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ. ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის[1] საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17 პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა[2], ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)[3]. სამივე განმცხადებელი თავს ტრანს კაცად აიდენტიფიცირებს და მათი სოციალური როლი კაცია. განმცხადებლებს სხვადასხვა სახის, საქართველოს რეალობაში ხელმისაწვდომი, ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურებიც აქვთ ჩატარებული და მდედრობითი სქესისთვის დამახასითებელი სახელებიც შეცვლილი აქვთ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სახელებით. განმცხადებლებმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის 2014-2015 წლებში მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ჩანაწერის ცვლილება. სამინისტროს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული უარი კი სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და საქმის განხილვა ორი ინსტანციის სასამართლოში წარუმატებლად დასრულდა. ამავე დროს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არცერთი საქმე წარმოებაში არ მიიღო. ა. დ.-ს და ა. კ.-ს საქმეები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს, ხოლო ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე - 2019 წელს გაიგზავნა. განმცხადებლები დავობდნენ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.  

საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოსკოვს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მიუხედავად ორგანიზაციიდან მისი გარიცხვისა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კვლავ გამოთქვამს წუხილს. კომიტეტმა ასევე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც დაკავშირებულია 2008 წელს საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტთან. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 16 მარტს ევროპის საბჭოს წევრობა შეუწყვტეს, რუსეთის ფედერაციას მაინც მოეთხოვება განახორციელოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას“. მინისტრთა კომიტეტმა ასევე მიიღო შუალედური დადგენილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II). კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, წარუდგინონ მინისტრთა კომიტეტს გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა და გამოიძიონ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულები. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ღრმა შეშფოთება, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში  საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შეუძლებლობის გამო და დაჟინებით სთხოვს რუსეთის ფედერაციას, რომელსაც აქვს ეფექტიანი კონტროლი ამ რეგიონებზე, უზრუნველყოს დაყოვნების გარეშე დაბრუნების მსურველთა უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლებში. მინისტრთა კომიტეტი ორივე საქმის აღსრულების განხილვას 2023 წლის მარტში განაახლებს. შეგახსენებთ, 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა. ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია საუბარი.  პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები არიან არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია.  „საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს - ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც გაიტაცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას, უკანონოდ ჩამოართვეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; რომ რუსეთმა არ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის გამო, და დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ, ორი ეთნიკური ქართველის, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ვითარებაში დააკავა და მოკლა“, -  წერია პრესრელიზში.  

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეზე, რუსეთმა ევროპული კონვენცია დაარღვია. საუბარია ნავალნის მოწამვლის საქმეზე, რომელიც დასავლეთის შეფასებით, მკვლელობის მცდელობა იყო. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა ღია გამოძიებაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა ნავალნის სისტემაში საბჭოთა პერიოდის ქიმიური ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ არსებობის „გარკვეული მტკიცებულება“. „რუსეთის გამოძიებას არ შეეძლო შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შესაბამისად, რუსეთს დაევალა ნავალნისთვის 40 000 ევროს (43 000 დოლარი) ანაზღაურება.  

საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), სასამართლლომ ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია როგორც „ბორდერიზაცია“. „ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან ცხინვალში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“. ამასთან, საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ აერჩიათთ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლებლად. „სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების პატერნს ან სისტემას. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არ არსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ,“ - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.